„თეგეტა“, ერთადერთი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც 2022 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა. უმნიშვნელოვანესი გზამკვლევი თავს უყრის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით თეგეტას მიზნებს, 2030 წლამდე გაწერილ სამოქმედო გეგმებს თანამშრომელთა კეთილდღეობის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, საზოგადოებაზე ზრუნვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
ბოლო პერიოდში კომპანიაში ბევრი სასიკეთო ცვლილება დაინერგა. დაიწყო თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, პარტნიორებთან ერთად უპრეცედენტო პროექტები განხორციელდა და CSR თეგეტას კორპორაციული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.
„თეგეტამ“ დაინტერესებული მხარეებისთვის მდგრადობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც CSR სტრატეგიაში გაწერილ პრიორიტეტებზე დაყრდნობით მოამზადა. საანგარიშო პერიოდი 2023 წელს მოიცავს და აერთიანებს ინფორმაციას კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპების, მართვის სტრუქტურის, პასუხისმგებლობიანი ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკებისა და განხორციელებული CSR პროექტების შესახებ. ანგარიში დეტალურად აჯამებს კომპანიის საქმიანობის სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენებს და პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.